ვახტანგ ფხაკაძე

ვახტანგ ფხაკაძე

ვახტანგ ფხაკაძის ისტორია 1958 წლის  23 აპრილს, ქალაქ ზესტაფონში, ლერი ფხაკაძისა და ლეილა ლოლაძის მოსიყვარულე ოჯახში იწყება. მისი დაბადების შესახებ ინფორმაცია სამშობიაროს საინფორმაციო კედელზე მოხვდა, რადგან ექიმების ყურადღება მაშინვე მიიქცია ახალშობილმა, რომლის წონაც 5კგ იყო.

ქალაქ ზესტაფონის რკინიგზის N7 საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად, ვახტანგ ფხაკაძე რეზო აბრამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებული ცეკვის ანსამბლის წევრი იყო. პირველ წარმატებად, სწორედ  რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურეატობა და ოქროს მედალოსნობა მიაჩნდა.

1975-1976წწ. სწავლა პროფესიულ-ტექნიკურ  სასწავლებელში განაგრძო; პარალელურად, მუშაობდა ქ. ზესტაფონის N13 სამკერვალო ფაბრიკაში მუშად. 1979 წელს ჩააბარა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.  1984 წელს კი, მუშაობა დაიწყო სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტში - უმცროს მეცნიერ-მუშაკად, სადაც გაიცნო პირველი მეუღლე, ქალბატონი ნინა მერკვილაძე. ერთ წელიწადში წყვილი დაოჯახდა. 1989 წლის 1 სექტემბერს კი, პირველი ქალიშვილი, ნათია შეეძინათ.

1988 წლიდან იწყება ვახტანგ ფხაკაძის ცხოვრების ახალი  ეტაპი - ბიზნეს საქმიანობა. თავდაპირველად, მეგობრებთან ერთად საქართველოში დაფუძნებული პირველი კოოპერატივით, პლასტმასისა და  სამკერვალო  წარმოებით.  1991 წლიდან კი მისი ცხოვრების მთავარ საქმეს, პარფიუმერულ ბიზნესს ჩაეყარა საფუძველი. მეგობრებმა კრედიტის აღება მოახერხეს და დაიწყეს ქართულ ბაზარზე პარფიუმერიის შემოტანა. შემდეგი ნაბიჯი  საკუთარი სუნამოს ჩამოსხმა იყო, რომელიც Dior  Poison-ის მოდელზე ააწყვეს. პროდუქციას საფრანგეთში აწარმოებდნენ. შეფუთვა ესპანეთსა და იტალიაში მზადდებოდა, რეალიზაცია კი ქართულ და რუსულ ბაზრებზე ხდებოდა. ამ სფეროში უფრო მეტი გამოცდილების შესაძენად, 1993-1997 წლებში, ბატონი ვახტანგი ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.

1999 წელს, თბილისში, პეკინის #25-ში „ლუტეციას“ პირველი დიდი ფორმატის მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანსა და ექსკლუზიურ ბრენდებს სთავაზობდა.  ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარფიუმერული ქსელის „ლუტეციას“ შექმნისა და „ივ როშეს“ ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, ბატონი ვახტანგი ნიშური პარფიუმერიით დაინტერესდა. იმ პერიოდში, ეს  საქართველოს პარფიუმერულ ბაზარზე ჯერ კიდევ ასათვისებელი ნიშა იყო. 2015 წელს, „ლუტეციამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისის სამეფო კარის ნიშ ბრენდი CREED, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის ქმნიდა სუნამოებს. ასე შეიქმნა  „არომატეკა“, პირველი პერსონალიზებული ნიშ-ბუტიკი საქართველოში, სადაც წარმოდგენილ თითოეულ სუნამოს საკუთარი ისტორია აქვს.

ბატონი ვახტანგი ნაბოლარა შვილად  და საყვარელ ექსპერიმენტად მოიხსენიებდა  ნიშური ბრენდის  Jo Malone-ს ქართულ ბაზარზე შემოტანას. 2019 წელს, ჭავჭავაძის გამზ. N42-ში, ბრიტანული ბრენდის, JO MALONE LONDON-ის პირველი ბუტიკი გაიხსნა.

ოჯახსა და შვილებს მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.  2006 წელს, ბატონმა ვახტანგმა მეორედ იქორწინა ქალბატონ ირინე კაპანაძეზე. 2010 წლის 9 იანვარს შეეძინათ ქალიშვილი თეა, 2013 წლის 28 ოქტომბერს კი - ნია.

2016 წელს მისი პირველი ქალიშვილი, ნათია დაოჯახდა, 2018 წლის 11 ოქტომბერს კი, პირველი შვილიშვილი, ლეა შეეძინა. სწორედ ლეას სახელი ჰქვია „ლუტეციას“ მიერ იტალიური ტექნოლოგიით შექმნილი ქართული ტუჩსაცხის ბრენდს - L8A Cosmetics-ს. 2020 წლის 22 ივნისს, ბატონ ვახტანგს მეორე შვილიშვილი - ევა შეეძინა.

ვახტანგ ფხაკაძის დიდი ოჯახი იყო „ლუტეცია ჯგუფში“ დასაქმებული თითოეული ადამიანი რომლებიც, დღემდე განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი იხსენებენ ბატონ ვახტანგთან დაკავშირებულ ისტორიებს და მის რჩევებს.

ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში, უმეტეს შემთხვევებში უჩუმრად, ეწეოდა ქველმოქმედებას. მტკიცედ სჯეროდა, რომ ადამიანისთვის მთავარი განათლებაა. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო განათლების ხელშეწყობა.

სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ დაარსდა ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც გააგრძელებს მის გზას ქველმოქმედების მიმართულებით და ყველა საშუალებითა და არსებული რესურსით შეეცდება მხარში ამოუდგეს იმ ახალგაზრდებს და მომავალ თაობას, რომელიც სწავლისა და განათლების ხელშეწყობისთვის ფონდის მხარდაჭერას საჭიროებენ.

ფოტო გალერეა